ეს ამბები ნაზარბაევის კლანის მოსაშორებლად დაგეგმა პუტინმა. იანაევის სიტყვები გამახსენა ამ ბოლო ამბებმა. წაგებული თამაში მოიგო. მოიგო კი? ეს ამბები ანტირუსულ განწყობილებებს შექმნის ყაზახეთში, ავტონომიის მონახაზებსაც ვხედავ, ჩრდილოეთ ყაზახეთი. ასტანამდე რამდენიმე კილომეტრში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან საინტერესო ამბებს იხსენებს.
“ერთი ამბავი მინდა გაგახსენოთ, მეტიც, ბევრისათვის ეს ამბავი უცნობია. 1991 წელს 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა, ყველამ ვიცოდით, რომ სსრკ -ს ხელმძღვანელობისათვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო. არადა 1996 წელს ცხონებულმა სიგუამ მეგობრების ვიწრო წრეში თქვა: გამსახურდიამ 7 აპრილს გორბაჩოვთან შესახვედრად დელეგაცია გააგზავნა და წერილიც გაატანა, სადაც ეწერა, რომ საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობასო. ვინ იყო ამ დელეგაციაშიო , რომ კითხეს, მან უპასუხა: ნუ მკითხავთო! რამდენიმე წლის წინ (2013 წლის 30 მაისს) ნაპოლეონ ქარქაშაძემ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა გაზ.”საქართველოს რესპუბლიკაში” სადაც წერს, რომ ის იყო ამ დელეგაციაში და კიდევ ორი კაცი. ერთი მურმან ომანიძე იყო (რა პრინციპით დააკომპლექტა გამსახურდიამ ეს დელეგაცია, ახლაც მაინტერესებს)
რომ ჩავედით მოსკოვში, კრემლში მივედით და მოვითხოვეთ გორბაჩოვთან შეხვედრაო. იანაევმა მიგვიღოო, მაშინ ის ვიცეპრეზიდენტი იყო, კატეგორიულად მოვითხოვეთ გორბაჩოვთან შეხვედრა და ვუთხარით, რომ წერილი გვქონდა გამსახურდიასგან მისაცემიო. იანაევმა გვითხრა, არ ცალია და მე მომეცითო. მივეცით, რა უნდა გვექნაო. წაიკითხა და გვეუბნება: ეს ოთახი იცით ვისი იყოო? ჩვენ მხრები ავიჩეჩეთო. ბერიასიაო. თქვენი აწყობილი ქვეყანა იყო, ჩვენ ვცხოვრობდით თქვენთან ერთად და ახლა აღარ გინდათო? რა გგონიათ, ცალკე სახელმწიფოებად რეალურად წარმოგიდგენიათ თავიო? აი, მაგალითად, ყაზახეთი! ნახევარზე მეტი რუსიაო!
მე სულ მაინტერესებდა და მჭამდა ერთი ამბავი: ჩვენც რომ ნაზარბაევის ეშმაკობები გვეხმარა? რა ეშმაკობები? ბელოვეჟის ხელშეკრულებაზე არ ჩავიდა და გორბაჩოვთან ჩაფრინდა, სსრკ-დან გამოსვლა ოფიციალურად ყველაზე ბოლოს გააფორმა, მგონი რუსეთის გამოსვლის შემდეგ, მხარში ედგა ელცინს, არ დამავიწყდება, 2008 წლის საქართველოს ოკუპაციის დღეებში პუტინის გვერდით თავს როგორ იქნევდა, თან პარალელურად რუსულ ენას სახელმწიფო ენებიდან იშორებდა, რუსულენოვან მხარეში ასტანას აშენებდა, სნგ-ს ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი იყო.
ეტყობა, ბოლოს მოუჭირა პუტინმა და ფორმალურად გაეცალა მას. მაინც დადო ზურგზე ამ მონსტრმა.
ეს ამბები ნაზარბაევის კლანის მოსაშორებლად დაგეგმა პუტინმა. იანაევის სიტყვები გამახსენა ამ ბოლო ამბებმა. წაგებული თამაში მოიგო. მოიგო კი? ეს ამბები ანტირუსულ განწყობილებებს შექმნის ყაზახეთში, ავტონომიის მონახაზებსაც ვხედავ, ჩრდილოეთ ყაზახეთი. ასტანამდე რამდენიმე კილომეტრში.
რადგან ამდენი დავწერე, ბარემ ეს ამბავიც იყოს: ყაზახეთში ვიყავი ბიბლიოთეკიდან კონფერენციაზე რამდენიმე წლის წინ. ერთ პრეზენტაციაზე ხანშიშესული ქალბატონი გავიცანი. რომ გაიგო, რომ ქართველი ვიყავი, მითხრა: “ალჟირის”(ასე ერქვა სსრკ-ს დროს შექმნილ რეპრესირებულთა ცოლების კოლონიას “Акмолинский лагерь жен изменников родины: დღეს მუზეუმია) დირექტორი ვიყავი რამდენიმე წლის წინო. მომხსნა ნაზარბაევმაო. რაღაცები არ მოეწონაო. საქართველოს საელჩომ ქართველ ქალ პატიმართა მემორიალის ქვა დაამონტაჟა და უნდა გაგვეხსნა. თეთრი ნაჭერი ჰქონდა გადაფარებულიო. ნაზარბაევი გვესტუმრა თავისი ამალითო, ეს რა არისო – მკითხა, საქართველოს საელჩო ხსნის-მეთქი, 2005 წელი იყოო, მოიღუშაო, რომ წავიდა, მეორე დღეს მოვიდნენ და მითხრეს: მოაშორეთ ეს ძეგლიო, რუსეთის დელეგაცია უნდა მოვიდესო. გადავიტანეთ გახსნა. ქართველები გაგებით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნასო. მაინც მომხსნესო. დღეს კი ერის მამა საკუთარი ქვეყნიდან გააძევეს. რა არის ეს ცხოვრება! დრონი მეფობენ, არა – მეფენი! ჩვენი ტანჯული ქართველი პატიმარი ქალების მემორიალი კი დგას!” – წერს თაქთაქიშვილი.