7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი არ ესწრება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. კერძოდ, საუბარია 7 ნოემბერს გადაღებულ ვიდეო-კადრებზე.
სახელმწიფო ბრალდება ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლას, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად დაუფლებას ედავება. ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებული არიან ასევე: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით აღნიშნულ საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, 7 ნოემბრის მოვლენის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობიდან გადადგა, რადგან მას მიაჩნდა, რომ აღნიშნული ხელისუფლების შეცდომა იყო.
საქმის განხილვას მიხეილ სააკაშვილი პირველად 2021 წლის ნოემბერში დაესწრო და სხდომა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.
