„მათ არ აინტერესებთ ის საჯარო მოხელეები, რომლები ქართული კულტურისთვის შრომობენ და მუშაობენ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემთან პოლიტიკური ბრძოლა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, მის მოწინააღმდეგეებს რეალური სასაუბრო მასთან არ აქვს.
ამასთან, წულუკიანი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეები მის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნასაც გააპროტესტებენ.
„იცით, როგორი შთაბეჭდილება მაქვს, მე რომ ერთ დღეს, დავინიშნო რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად, მავანნი იმ სკოლის წინ დაიწყებენ აქციებს, არ მოეწონებათ იმ პასტის ფერი, რომლითაც ჩემ მოსწავლეებს შევუმოწმებ საშინაო დავალებას.
ესენი არ არიან ადამიანები, რომლებსაც ქართული კულტურა არ აინტერესებთ. მათ არ აინტერესებთ ის საჯარო მოხელეები, რომლები ქართული კულტურისთვის შრომობენ და მუშაობენ. მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემთან პოლიტიკური ბრძოლა, ასეთი განცდა მაქვს. ოღონდ იარაღი აქვთ დაჟანგებული, ვერ შეარჩიეს ბრძოლის სწორი მეთოდი. არიან ადამიანები ამ ჯგუფში, რომელიც უკვე სამინისტროდან სამინისტროში დადიან. რეალური სასაუბრო მათ ჩვენდა სამწუხაროდ არ აქვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
