უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეშვიდე პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„ბორისპოლში მე-7 ჩიტი დაეშვა! 85 ტონა საბრძოლო მასალები ყუმბარმტყორცნებისთვის. შესანიშნავი სიახლეა, მაგრამ რაც მთავარია, ეს არ არის დასასრული! გაგრძელება იქნება“, – დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე.
უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.
რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.