უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გაცნობის ისტორიას იხსენებს.
„დაახლოებით, 15 წელი ქირურგი ვიყავი. 5 ათასზე მეტი სხვადასხვა სირთულის ოპერაცია მაქვს ჩატარებული და არცთუ ისე წარუმატებელი კარიერა მქონდა.
ერთ მშვენიერ დღეს, 2006 წელი იყო. მთხოვეს, რომ პაციენტი მენახა ბინაზე. დავით სერგეენკომ მთხოვა, წავედით შეკვეთილში. მაშინ ბატონ ბიძინას არ ვიცნობდი და არც ფოტოზე მენახა. ეზოში რომ შევედით, იქ ბაღში, ადამიანები მუშაობდნენ. რთული იყო გარჩევა, ვინ იყო უფროსი, სახლის მეპატრონე და ვინ-უბრალო დამხმარე. ერთ-ერთი მომიახლოვდა და მას გააცნეს ჩემი თავი. დავიბენი, რადგან ის როგორც სხვები, ისე მუშაობდა.
თუ არ ვცდები, ყვავილებთან ბალახს გლეჯდა და ძირებს უფხვიერებდა ხელით. არც ჩაცმულობით გამოირჩეოდა. რომ გამაცნეს, ვიფიქრე მეხუმრებოდნენ, რადგან ვერ წარმოვიდგინე, მისი ასეთი უშუალობა.
მერე სახლში შევედით და კონსულტაცია გავუწიე, ბავშვს აწუხებდა ყური. საერთოდ, ჯანმრთელი ოჯახია. ამის მერეც ვეწეოდი მათთან კონსულტაციებს, მაგრამ რამე სერიოზული არ ყოფილა“, – აღნიშნავს ხუნდაძე.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, გაცნობის შემდეგ, მისი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობა პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას გასცდა და მეგობრობაში გადაიზარდა.
„პოლიტიკურმა პროცესებმა ნელ-ნელა დაიწყო განვითარება და მან პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მე, როგორც მისი თანამოაზრე, თანავუგრძნობდი და ვეხმარებოდი ადამიანის მოძებნაში, ვინც ამ საქმეში ჩაერთვებოდა. ერთხელ მითხრა, შენ ხომ არ მოსინჯავდი თავს პოლიტიკაშიო. ვუპასუხე, პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ გვერდიდან დაგეხმარები-მეთქი. მერე მითხრა, გვერდიდან კი მეხმარები, მაგრამ უკვე წინა ხაზზე ხარ და გადაწყვეტილება უნდა მიიღოო.
უცებ ვერ მივიღე გადაწყვეტილება, ოჯახი ჩემთვის უძვირფასესია. შევკრიბე ცოლი და შვილები და გავანდე ჩემი მოსალოდნელი მომავალი. ჩემმა უფროსმა ბიჭმა მითხრა, თუ შენ ამის გაკეთება შეგიძლია და არ გააკეთებ, მართალი არ იქნებიო. მეუღლეც დაეთანხმა. მაშინვე ავიღე ტელეფონი და დავურეკე მზადვარ-მეთქი“, – ამბობს ხუნდაძე.
მისივე თქმით, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა არ უნდოდა.
„2012 წელს ტელევიზიით გავიგე, რომ კომიტეტის თავმჯდომარედ დამასახელეს. ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა ვთხოვე და მითხრა, დედასთან ჭორვილაში ვარო. იქ ჩავედი, ვუთხარი, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობა არ მინდოდა. შევთანხმდით, სხვა უნდა შეგვერჩია, თუმცა მეორე დილით დამირეკა და მითხრა, არ გამოვა, რაზეც შევთანხმდით, უნდა გთხოვო, დათანხმდიო. დავთანხმდი.
ახლა კომიტეტს ახალი ენერგია სჭირდება. ჩემი პოზიციიდან გავამაგრებ თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს და კომიტეტი უფრო ძლიერი იქნება. არ უნდა ვიყოთ თანამდებობაზე ჩამოკიდებულები და ამ პროცესს მივესალმები“, – აღნიშნავს ხუნდაძე.
„სარკე“