„გახსოვდეთ, როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით. კანონი არ არეგულირებს ამ ტიპის ურთიერთობებს“ – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისივე თქმით, დაუშვებელია სესხის ამოღების მიზნით მოქალაქის შევიწროება.
ზურაბ კუკულაძე ინტერვიუში იმ მომხმარებლების შესახებ საუბრობს, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოქალაქეებს სხვადასხვა რაოდენობით სესხებს სთავაზობენ.
„დაუშვებელია სესხის ამოღების მიზნით მოქალაქის შევიწროება. ამ ქმედებას მორალური ტერმინით შეიძლება ფსიქოლოგიური ტერორი ვუწოდოთ, მაგრამ იურიდიულად ეს მუქარა და შანტაჟია. ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია ხანია ითხოვს, მკაცრად გაიწეროს, რისი უფლება აქვთ ამ კომპანიებს. პრობლემური სესხების მართვის ბიუროები მსესხებლებს უგზავნიან წერილებს მუქარით, ბინას დაგიცლით და ასე შემდეგ. არადა, ამის უფლება მხოლოდ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს, ისიც სასამართლოს გადაწყვეტილებით. ის, ვინც სახლის წართმევით გემუქრებათ, ამის უფლება არ აქვს. მას შეუძლია გიჩივლოთ, დანარჩენს კი მოსამართლე გადაწყვეტს“, – აცხადებს ზურაბ კუკულაძე.
მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლე, მოქალაქის ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინტერესებს.
„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მოსამართლემ მსესხებელზე დაკისრებული ჯარიმა და საკომისიოები არ გაითვალისწინა და მხოლოდ ვალის, მისი მომხმარებლის საკომისიოსა და მომსახურების პროცენტის გადახდა დააკისრა. მოსამართლე განიხილავს იმასაც, რამდენად ლოგიკურია 500-ლარიან სესხზე 2-3 ათასიანი ჯარიმა, ამიტომაც ხშირად აუქმებს ჯარიმებს“, – აცხადებს ზურაბ კუკულაძე გამოცემასთან.
ზურაბ კუკულაძე ინტერვიუში იმ კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონი უხეშად დაარღვიეს.
„სჯობს საქმე მოგვარდეს სესხის გამცემ კომპანიასთან, მაგრამ თუ საქმეში ერთვება ამომღები კომპანია, უკეთესი შედეგების მიღება შეიძლება სასამართლოში. გახსოვდეთ, როდესაც სესხის ამომღები გემუქრებათ, რომ გაგიყიდით სახლს, ვერაფერსაც ვერ გაგიყიდით. კანონი არ არეგულირებს ამ ტიპის ურთიერთობებს. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელს ეყო თავხედობა და რაიონში მსესხებელს ძროხა დააკვლევინა, იმდენი ხორცი წაიღო, რომლის ღირებულებაც სესხის დაფარვას სჭირდებოდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის საკრედიტო პოლიტიკის შესახებ და არ აანალიზებს მათთან თანამშრომლობის პირობებსა და შედეგებს“, – აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენელი.
იგი მოქალაქეებს აფრთხილებს და ურჩევს, რომ ნუ ეშინიათ სასამართლოსი.
„საფინანსო სექტორს აქვს გაუაზრებელი სამომხმარებლო დაკრედიტების პოლიტიკა, რაც ცალკე თემაა… თუ გვინდა, პრობლემების მოგვარების მიზეზი მოვძებნოთ, ბანკებით უნდა დავიწყოთ. მერე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე გადავიდეთ. ონლაინ-სესხები სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ფენების პრობლემაა. მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ ნუ შეეშინდებათ სასამართლოსი. არსებობს პრობლემის მოგვარების გამარტივებული აღსრულების პრინციპი – მედიატორის მექანიზმი, რომელიც საქმეში ერთვება“, – აცხადებს ზურაბ კუკულაძე.
მოვალეს სახლის გაყიდვის უფლება არ აქვს – რა უნდა იცოდეთ საკრედიტო პოლიტიკის შესახებ
2016/11/28 16:49:42
კომენტარები
ნანახია: 2469 ჯერ