საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ, კონსულტაციებს დღეს გამართავს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ტრადიციულ პრესკონფრენციაზე განაცხადა.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის, პირველი პუნქტის, „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი შერჩეულ კანდიდატურას საზოგადოებას გააცნობს და, ამავე დროს, გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად. შემდეგ კი, პრეზიდენტი აღნიშნულ კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა მიშველაძემ.