საქართველოს პრემერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობა გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა აღმოფხვრას არსებული სოციალური ბარიერები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ.
„დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეა. ასევე, დღეს გახლავთ გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მიღების 10 წლის თავი, რომელსაც საქართველო 2013 წელს შეუერთდა. ამ დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და ღირსების პატივისცემა თითოეული სახელმწიფოს პასუხიმგებლობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა აღმოფხვრას არსებული სოციალური ბარიერები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა, საზოგადოებაში მათი ინტეგრაცია და მათი უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთან ერთად თითოეული მოქალაქის ვალია. ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ ჩვენი საზოგადოების განვითარების და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.