სასჯელაღსრულების სამინისტროს 88 მრჩეველი ჰყავს. საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მრჩევლის თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია, შესაბამისად, მხოლოდ მრჩევლებისთვის თვეში 105 600 ლარი იხარჯება.
დოკუმენტის მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ სამინისტროში დასაქმებულია 42 კონსულტანტი, რომელთა ხელფასი 1 120 ლარია.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის განკარგულება 18 ნოემბერსაა გამოცემული.
განკარგულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიეცა თანხმობა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულებების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვროს თანდართული დანართების მიხედვით.
აღნიშნული განკარგულება ძალაში შევა 2016 წლის 26 დეკემბრიდან.
აღნიშნული სამინისტროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ წინა განკარგულების მიხედვით, „მრჩევლის“ საშტატო ერთეულის რაოდენობა 89 იყო. ხოლო „მინისტრის მრჩევლის“ – 2.
„მინისტრის მრჩეველს“, განსხვავებით „მრჩევლისგან“, ხელფასი 2 070 ლარი აქვს.
შედარებისთვის, კულტურის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში [2016 წლის 23 ივნისი] აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტროში „მინისტრის მრჩევლის” 2 შტატი არსებობს. მათი ხელფასი კი 1200 ლარია. დოკუმენტის მიხედვით კი, კულტურის სამინისტროში „მრჩევლის” შტატი არ არსებობს.
ასევე, ეკონომიკის სამინისტროში, 2016 წლის 25 თებერვალის განკარგულებისმიხედვით, „მინისტრის მრჩევლის” 5 შტატი არსებობს და მათი თანამდებობრივი სარგო 1 800 ლარია.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის პასუხის მიხედვით, “სამინისტროში დეპარტამენტების მიხედვით საჯარო სამსახურში დასაქმებულები არიან სპეციალისტები, მთავარი სპეციალისტები და მრჩევლები. ყველა მათგანი შტატით გათვალისწინებული თანამდებობებია. მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში შესაბამისი მიმართულებით მუშაობენ. მათი უფლებამოსილებები კონკრეტული დეპარტამენტის დებულების და საქმიანობის სფეროს მიხედვით განისაზღვრება. მისი, ისევე როგორც დეპარტამენტის დანარჩენი თანამშრომლების მოვალეობაა, უზრუნველყოს დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირება და მასზე დაკისრებული ამოცანების სათანადოდ შესრულება”.
პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, უშუალოდ მინისტრისთვის მრჩევლის ორი საშტატო ერთეულია გამოყოფილი. ამ ეტაპზე, მინისტრს მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მინისტრის მრჩეველი და დეპარტამენტის მრჩეველი ორი განსხვავებული თანამდებობაა და, შესაბამისად, დეპარტამენტის მრჩეველი მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დაბალი რანგია.
www.liberali.ge