პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის მე-11 სესია. სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო საქართველოს მიერ წარდგენილი მოთხოვნა „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.
კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი ძეგლი აკმაყოფილებს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ სამივე პირობას:
• ძეგლი წარმოადგენს უდიდეს მნიშვნელობას კაცობრიობისთვის (აღსანიშნავია, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი);
• ძეგლი დაცულია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ზომებით, რაც აღიარებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და უზრუნველყოფს ძეგლის განსაკუთრებულ დაცულობას;
• ძეგლი არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტების ფარად.
შესაბამისად, კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.