ჯანდაცვის რეფორმების მეორე, ახალი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჯანდაცვის რეფორმებს რაც შეეხება, ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე. მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ჩვენ გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველგვეყო მომსახურება, რომელსაც დღეს ისინი ღებულობენ. ეს იყო უდიდესი შეღავათი, წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს ჩვენს მაგალითზე სხვათა შორის არაერთი ქვეყანა სწავლობს. დღეს ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც პრიორიტეტები უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ, საჭიროებებზე ორიენტირებულ სერსვისების განვითარებაზე და ასევე ხარისხზე მეტი აქცენტი გავაკეთოთ, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე ახალი ეტაპის რეფორმები, რომლის განხორციელებაც, ჩვენი აზრით, საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას ჩვენი მოქალაქეების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სთხოვა ჯანდაცვის მინისტრს, რომ უფრო აქტიურად იმუშაონ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.
„ასევე მოახდინიოთ კლინიკური აუდიტის ფორმით სამედიცინო დაწესებულებების არსებული მდგომარეობის შესწავლა – იქნება ეს ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები, შემთხვევები და ასევე სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი. აქაც დიდი მნიშვნელობა ექნება სწორი თანამშრომლობის მოდელებს კერძო სექტორთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.