შემოსავლების სამსახური “მაესტროს” დამფუძნებლის, მამუკა ღლონტს განცხადებას, რომ სამსახურმა რადიო “მაესტროში” შემოწმება ორი თვით გაახანგრძლივა, განცხადებით პასუხობს:
“შემოსავლების სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საგადასახადო კანონმდებლობაზე დაყრდნობით (საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ, თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე), უფლებამოსილია უპასუხოს 8 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ, „მაესტროს” აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელისა და დირექტორის, მამუკა ღლონტი განცხადებას რადიო მაესტროს საგადასახადო შემოწმების ფაქტთან დაკავშირებით და გაასაჯაროოს შპს “ქართული რადიოს“ საგადასახადო (თემატური) შემოწმების მასალები. კერძოდ:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მიმდინარეობდა შპს “ქართული რადიოს“ (ს/ნ 200221991) მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების 2016 წლის თებერვლის, მარტის, მაისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ს დეკლარაციებში ასახვის სისწორის გადამოწმება.
2016 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი, რის მიხედვითაც, გადამხდელს არ განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. აუდიტორების მიერ, აქტის პროექტის შედგენისთანავე, 5 დეკემბერს შედეგები სიტყვიერად ეცნობა შპს “ქართული რადიოს“ (ს/ნ 200221991) ბუღალტერს. 7 დეკემბერს გადასახადის გადამხდელს აქტი გაეგზავნა წერილობით. აქვე აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს შპს “ქართული რადიოს“ დამფუძნებლებთან აღნიშნულ პერიოდში არანაირი სახის კონტაქტი არ ჰქონიათ.
აქედან გამომდინარე, გაუგებარი და უსაფუძვლოა 8 დეკემბერს, რამდენიმე დღით ადრე დასრულებული საგადასახადო შემოწმების შესახებ, როგორც მიმდინარე შემოწმების კონტექსტში საუბარი. მით უმეტეს, გაუმართლებელია გავრცელებულ განცხადებაში, გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის მიმართ გამოთქმული, ცილისწამების ნიშნების შემცველი მოსაზრებები.
ამასთან, მსგავსი ტიპის თემატური საგადასახადო შემოწმება ამ ეტაპზე მიმდინარეობს 1000 – მდე გადასახადის გადამხდელთან (მათ შ ორის 3 რადიო კომპანია)”,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.