საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება მშვიდობისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას.
„დიდ მწუხარებას გამოვხატავ ეგვიპტეში, კაიროში მომხდარი ტრაგედიის გამო. შემაშფოთებელია, რომ კიდევ ერთ აფეთქებას – ამჯერად, კაიროს კოპტურ ტაძართან, ემსხვერპლა ადამიანების სიცოცხლე. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ეგვიპტის მთავრობას, ხალხს.
საქართველო არასოდეს შეურიგდება მშვიდობისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
ეგვიპტის დედაქალაქში ტერაქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი აფეთქება კაიროში ქრისტიანების საკათედრო ტაძრის შესასვლელთან მოხდა.