დეტალურად ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ ის რეალობა, რაც იყო შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„დეტალურად ახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ ის რეალობა, რაც იყო შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე. ერთადერთი პოზიცია, წინადადება, თანამშრომლობისთვის სახელდებოდა თანათავმჯდომარეობის ფორმატი. ეს არ არის თავისუფალი სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ეს არ ტოვებს სხვა წინადადებების განხილვის შესასაძლებლობას. ამ ფორმით ურთიერთობა და საუბარი არ იყო რელევანტური,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებული წინადადება არ ტოვებდა სივრცეს კონსულტაციებისთვის.
”იყო კონკრეტული ფორმატი შემოთავაზებული საჯარო ფორმით. სამწუხაროდ, კონსულტაციისთვისაც კი არ ტოვებდა სივრცეს ის ფორმა, რომლითაც გაჟღერდა პრეზიდენტის ინიციატივა. ჩვენ არ გვქონდა სივრცე არც კონსულტაციებისთვის, არც ამ ფორმატის შესაბამისად მოქმედებისთვის, ამირომ ჩვენ წარმოვადგინეთ ის ფორმატი, რომელსაც გთავაზობთ. ჩვენ შემოგთავაზეთ ის ფორმატი, რომელიც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა კობახიძემ გუშინ, პარლამენტის სხდომაზე.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატსა და სტუქტურასთან დაკავშირებით მთავრობასა და მმართველ გუნდთან კონსულტაციების გამართვის მზადყოფნა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სამუშაო ჯგუფის სამი თანათავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნის თაობაზე წინადადების შეთავაზების პირველივე დღეს გამოთქვა. მაშინ შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების სულისკვეთება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად, მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს. ასევე ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ აღნიშნულ ჯგუფს ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც ამავე დროს არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მზად არის დააფუძნოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესისა და სტრუქტურის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა 19 ოქტომბერს.
საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით მთავრობასა და მმართველ გუნდთან კონსულტაციების გამართვის მზადყოფნის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვა არაერთი განცხადებაც გაკეთებულა.