მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ხურჩაში მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
იზორია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულ გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა თითოეული ჩვენთაგანისთვის და მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი სამწუხაროდ ამ ფაქტს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როცა ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებს თითქოსდა ადგილი არ ჰქონია.
მართლაც, 2012 წლიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა 2008 წლიდან, ათეულობით, სამწუხაროდ გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი,რომელიც ლეტარული შედეგითაც დასრულდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ პატრულირება და ვახორციელებთ, ბუნებრივია ამ პროცესს დღესაც და მოსახლეობამ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა კიდევაც, რომ მოხდეს რაც შეიძლება პრევენცია მსგავსი შემთხვევების და ბუნებრივია, ეს უფრო გაძლიერებულად იქნება მომავალშიც ეს პატრულირება განხორციელებული“, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ.
ამასთან, როგორც ლევან იზაორიამ აღნიშნა, ის შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და მომხდარ ფაქტზე ესაუბრა.
„თქვენ იცით, რომ ახლო მომავალში, ამაზე საჯაროდ განვაცხადეთ, IPRM -ი ჩატარდება გალში, ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ და გუშინ მე მქონდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა, სადაც ვთქვი, რომ პირველი საკითხი, რაც ჩვენს მხრიდან იქნება გაჟღერებული და მოთხოვნა, იქნება სწორედ დაკავშირებული იმასთან, რომ დამნაშავე, რომელიც უკვე დადგენილია, იქნეს უმკაცრესად დასჯილი. ასე რომ ჩვენ ყველანაირ ფორმატს, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ IPRM , გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა, მანამ სანამ ის არ შესრულდება, მუდმივად დავაყენოთ“, – განაცხადა იზორიამ.
ლევან იზორია – ხელისუფლება ხურჩაში მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს
2016/05/21 16:52:59
კომენტარები
ნანახია: 2339 ჯერ