“წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ჩემი კანდიდატურა არის ყველაზე კარგი”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მეორე ტურში გადასულმა კანდიდატმა, ნინო ზაუტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მას მიიჩნია, რომ საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული.
”მოლოდინი არის რა თქმა უნდა, ყველაფრის. მე მზად ვარ ყველაფრისთვის, თუმცა, მე რა თქმა უნდა, მგონია, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ჩემი კანდიდატურა არის ყველაზე კარგი, რამდენი ხმით მეტიც არ უნდა მიეღოთ მათ. მე ვფიქრობ, რომ ეს ასეა და მე ამას აუცილებლად დავამტკიცებ გასაუბრებაზე. მიმაჩნია, რომ საზოგადოება უფრო აქტიურად რომ ჩარეულიყო, ან ჩაერიოს, ახლაც არ არის გვიანი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის საზოგადოებას, შესაბამისად, უკეთესი იქნებოდა, რომ საზოგადოების გადასაწყვეტი იყოს ვინ იქნება გენერალური დირექტორი”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით, ის მეორე ტურში გადასულ ხუთივე კანდიდატს შესთავაზებდა შედეგების გასაჯაროებას, რომ საჯარო გამხდარიყო, თუ ვინ ვის მისცა ხმა და რა კრიტერიუმებით.
”აქ საუბარი არ არის გენერალურ დირექტორზე, აქ საუბარია ადამიანზე, რომელმაც უნდა შექმნას საზოგადოებრივი ტელევიზია. ჩვენ წლებია ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. ვწერთ ფანტასტიურ კონცეფციებს, რომლებსაც არასოდეს ეღირსათ დღის სინათლე”, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ რომელიმე კანდიდატს ჰქონდეს ხელისუფლების მხარდაჭერა, ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ეს ცუდია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატების ღია კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. მეორე ტურში კი 5 კანდიდატი გადავიდა. მეორე ტურში გადასული კანდიდატები არიან: ზაალ ანჯაფარიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც 6 ხმა მიიღო, ნინო ზაუტაშვილი 5 ხმით, თინათინ ბერძენიშვილი და ნათია კუპრაშვილი 8-8 ხმით.
ნინო ზაუტაშვილი – ვფიქრობ, წარმოდგენილ კანდიდატებს შორის ჩემი კანდიდატურა ყველაზე კარგია
2017/01/03 18:14:11
კომენტარები
ნანახია: 1940 ჯერ