სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.
ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
„მდომარეობა ნადვილად გაუარესებულია, რაც გამოიხატება წონაში მეტად კლებით, კუნთების მასის კიდევ მეტად შემცირებით. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ. ამჟამად ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. პაციენტს დეტალურად ვსინჯავთ და გასინჯვის მონაცემებით ვამბობთ, რომ მდგომარეობა გაუარესებულია. მას აქვს გულისრევა, ზოგიერთ საჭმელს ვერ იტანს, ზოგიერთს იღებს, იმასაც დაბალი დოზით და იმაზეც გულისრევა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც საკვებს იღებს, თორემ ამდენ ხანს ვერ იცოცხლებს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე ასევე აღნიშნავს, რომ 4 დეკემბრის შემდეგ, როცა კონსილიუმმა კლინიკაში ბოლო ვიზიტი განახორციელა, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და მას წონაში კლება აღენიშნება.
„სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა ბოლო ვიზიტი განახორციელა 4 დეკემბერს. ჩვენ ორი კვირის წინ მივიღეთ მისი თხოვნა ვიზიტთან დაკავშირებით. ეს ვიზიტი დაიგეგმა, განხორციელდა. ჩვენი მიზანი არის მისი სამედიცინო მდომარეობის შეფასება, რათა ობიექტური სურათი გვქონდეს. ჩემი დაკვირვებით, მისი მდგომარეობა გაუარესებულია, დასუსტებულია, წონაში კლება აღენიშნება. ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. შემდგომ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მისაზრებებს და იმის მიხედვით გვექნება შემდგომი შეფასება. ძალიან ხშირად გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტებს როგორ კლინიკა „ვივამედიდან“, ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან, აქტიურად დავაკვირდებით სამედიცინო დოკუმენტებს“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.