შემოთავაზებული კანონპროექტი რომელიმე ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას არ ითვალისწინებს და აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ ძლიერი, მომთხოვნი კანონებისგან, რომელიც გააჩნია გინდაც რუსეთსა და გინდაც – აშშ-ს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ასევე, ამ საკითხზე საქართველოში მყოფ სენატორების გზავნილებზე. ვოლსკის თქმით, ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს.
„სულ რომ არ იყოს ამ კანონპროექტზე მსჯელობა, სენატორი იქნება თუ კონგრესმენი, ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი, ნებისმიერს დაუსვით შეკითხვა, არის თუ არა აუცილებელი, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხას ხარჯავს, რა მიზნითა და რა მიმართულებით ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებას, მჭიდრო ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, მით უმეტეს იმ სფეროში, რომელშიც საქართველოს, თუნდაც, საექსპერტო დახმარება და თანადგომა სჭირდება. დამერწმუნეთ, რომ პოზიტიურ პასუხს მიიღებთ, რასაკვირველია, არა მარტო ქართველმა, არამედ ამერიკელმა, ევროპელმა, სამხრეთელმა თუ ჩრდილოელმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობა უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.