ნიკა გვარამიას ცემის დეტალებს იხსენებს მეგობარი, მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე. მისი განცხადებით, რესტორანში მათთან ერთად იმყოფებოდა რეჟისორი დავით დოიაშვილიც, რომლის მიმართ ასევე იყო ფიზიკური შეურაცხყოფა.
მარინა ბერიძის ინფორმაციით თავდამსხმელთაგან ერთ-ერთს ე.წ კაპიშონიანი ზედა ეცვა და მისი ცნობა შეუძლებელი იყო, გარდა ამისა შენობაში არ იყო სინათლე. რაც ეხება რეჟისორ დავით დოიაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზეზს, ბერიძე იხსენებს რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დოიაშვილმა გაშველება გადაწყვიტა.
“ჯერ ნიკას და მერე დოი რომ წამოდგა, ვერაფერი ვერ გავიგეთ ვინ იყო ან სად დაეცა ნიკა. ძალიან სიბნელე იყო, 15 წუთით ადრე ჩაქრა სინათლე. ერთს კაპიშონი ჰქონდა და ვერაფრით ვერ დაინახავდი ვინ იყო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ.”– აცხადებს მარინა ბერიძე.
რესტორნის პერსონალის განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები რესტორანში დღის სამი საათიდან იმყოფებოდნენ.
“როდესაც ნიკა შემოვიდა და დაინახეს, გადასხდნენ სხვაგან და იქ გააგრძელეს სმა, სვამდნენ ჭაჭას, მერე მოითხოვეს ანგარიში, მივუტანეთ ეს ანგარიში და უცებ გავიგეთ ხმაური, როცა გამოვიხედეთ უკვე აღარავინ იყო, ისე გაიქცნენ ვერ დავინახეთ.”– აცხადებს რესტორნის მიმტანი.
დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ამ საქმეს ასე არ დატოვებს და ბოლომდე მიყვება.
“რვა წელია ეს რესტორანი არსებობს და მსგავსი ფაქტი არასდროს მომხდარა. აუცილებლად მივყვები ამ საქმეს ბოლომდე, არ არსებობს რომ ეს დავტოვო ასე, რადგან ამ რესტორანსაც ძალიან დიდ ზიანს აყენებს, გარდა იმისა, რომ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა აქაურობასაც ძალიან აზიანებენ.”- აცხადებს რესტორნის მეპატრონე.
ნიკა გვარამიას ერთ-ერთი თანმხლები პირი იხსენებს:
“ორი ადამიანი, გამხდარი მაღალი, ვერც შევამჩნოეთ ისე მშვიდა წამოვიდნენ ჩვენკენ, რომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ან მისასამძიმრებლად მიდიან ან ნაცნობები არიან. ეს ბიჭი უცებ დაიხარა მაგიადსთან და დაიწყო დარტყმა”– აცხადებს გვარამიას თანმხლები ქალბატონი.
ნიკა გვარამიას განცხადებით, პირებს, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა უმკაცრესად დასჯის ისე, როგორც კანონი ითვალისწინებს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.