რომან გოცირიძე პარლამენტში უფრაქციო დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ბოიკოტის შეწყვეტაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილს სრულად სურს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა. ამ დროისთვის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჯერ მხოლოდ კომიტეტებში იაქტიურებენ.
„მე უკვე ამოვწურე თავი „ნაცმოძრაობის“ ფარგლებში, პოლიტიკური საქმიანობის მხრივ. იყო განსხვავებები იდეოლოგიური კუთხით, ტაქტიკასთან დაკავშირებით. თუნდაც ის არათანმიმდევრულობა, რაც პარლამენტში პარტიის მუშაობას ეხებოდა, და დღემდე ვერ გავრკვეულვართ, პარლამენტში უნდა შემოვსულიყავით თუ არა, ბოიკოტი გამოგვეცხადებინა თუ არა. სამწუხაროდ, ეს გაუგებრობა დღემდე გრძელდება. რა თქმა უნდა, პარტიაში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმაც იქონია გავლენა. სამწუხაროდ, პარტიაში კვლავ გრძელდება დაპირისპირება. მე ჩემს თავში ვერც ის რესურსი დავინახე, რომ შეიძლება ვყოფილიყავი თუნდაც მედიატორი. მე ვარ რომან გოცირიძე ჩემი ინდივიდუალური წარსულით და არავის დასამადლებელი საპარლამენტო მანდატი ჩემთვის არ არის“, – აცხადებს გოცირიძე.
