“ზოგადად, ამ “განქორწინებაზე” ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. არ ვიცვით, თუ რა მექანიზმები იყო ჩართული. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების ერთმანეთთან შეუთავსებლობა არ არის. მეტისმეტად სინქრონულად გადადგა ნაბიჯი იმ გუნდმა, რომელიც გამოეყო. სავარაუდოა, რომ ამ პროცესს წინ რაღაც მოლაპარაკებები, შეთანხმებები, გარანტიების მიღება უძღოდა საერთაშორისო არენიდან. ისიც სავარაუდოა, რომ მერაბიშვილთან და უგულავასთან, მათი საპყრობილეში ყოფნის გამო, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა. ამიტომ, უგულავამ უფრო ადრე გადაწყვიტა საკუთარი ბედი, მერაბიშვილი კი ალბათ მოგვიანებით გადაწყვეტს”, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მერაბიშვილი, სავარაუდოდ, უგულავა-ბოკერიას გუნდს აირჩევს.”
“ფაქტია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე საკვანძო ფიგურამ – დავით კეზერაშვილმა, რომელიც ფინანსებთანაა დაკავშირებული, გადაწყვეტილება საკმაოდ ადრე მიიღო. ასე რომ, სავარაუდოა, მერაბიშვილიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვანო მერაბიშვილი ძალიან წონიანია. ოღონდ ორი საწინააღმდეგო მიმართულებით. მერაბიშვილის ჩართვამ, შეიძლება, ამა თუ იმ გუნდს ბევრი ხმა დააკარგვინოს, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” ცოდვების დიდი ნაწილი მასზეა მიწერილი. უარყოფითი ნამდვილად ექნება და დადებითი რამდენად ექნება – არ ვიცი”, – აღნიშნავს რესპონდენტი და კითხვაზე “თავად მერაბიშვილისათვის, სამომავლო წარმატების თვალსაზრისით, რომელი გუნდის არჩევა უფრო მომგებიანი იქნებოდა? ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარეშე უგულავა-ბოკერიას ჯგუფს პერსპექტივა თითქმის არ აქვს. ეთანხმებით მოსაზრებას?”, – პასუხობს:
“სიმართლე გითხრათ, კარგად არ მესმის, თუ რატომ არ აქვთ პერსპექტივა სააკაშვილის გარეშე. როგორც გითხარით, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ზედაპირს ვადევნებდით თვალს და არ ვიცით, თუ რა ხდებოდა სიღრმეში ისეთი, რამაც ამ გაყრას საფუძველი შეუმზადა და სააკაშვილის საწინააღმდეგო პლატფორმაზე ასეთი ერთიანი გადასვლა განაპირობა, ვერც იმას გეტყვით, მერაბიშვილის პერსპექტივა რომელ გუნდთან უფრო მაღალი და მომხიბვლელი იქნება.”