მიუხედავად იმისა, შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია, ხვალ ჩვენ გავასაჯაროებთ სრულიად ახალ ფაქტებს, სადაც საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ იდგა იმიტირებული „ქოლცენტრების“ უკან, რომლითაც უნდოდათ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„კონკრეტულ სახელებს და გვარებს ადამიანების, თუ ვინ დგას რეალურად ვინმე მიხეილ არახამიას უკან, თუ ვინ დაგეგმა ეს სპეცოპერაცია ჩვენს წინააღმდეგ, რომ შეებღალათ ჩვენი სახელი, ამას ყველაფერს ხვალინდელ სესიაზე გავასაჯაროებთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.
აღმაშენებლის 75 ნომერში სავარაუდო დანაშაულებრივ ქოლცენტრზე ინფორმაცია „ქრონიკამ“ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ შენობის 25%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე, თავად ფართი კი გაქირავებულია მიხეილ არახამიაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ძმაა.