განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ წმინდა მამა გაბრიელის სახელობის პალიატიური ჰოსპისის ბენეფიციალებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და ტკბილეული გადასცეს.
„დღეს საქართველოში ნათლისღების დღესასწაულს ავღნიშნავთ და ტრადიციულად გვსურს ეს დღე ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ნაწილს მიულოცოთ. კრწანისის რაიონში მდებარე პალიატიური ჰოსპისი კარგი მაგალითია საჯარო და კერძო თანამშრომლობის თუ როგორ შეიძლება განსაკუთრებით მძიმე დაავადებულების და ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტებს მიეწოდოს როგორც სერვისი ასევე მზრუნველობა. კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთან ერთად ვეცდებით ყურადღება მივაქციოთ და სისტემატურად დავეხმაროთ აღნიშნულ ჰოსპის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
პარლამენტის წევრმა ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ჰოსპისის პერსონალს მათ საქმიანობის გამო და აღნიშნა, რომ როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა ბენეფიციალების მზრუნველობაზე პასუხისმგებლობა აიღო.
სხვადასხვა დაავადების მქონე პალიატიური მკურნალობის საჭიროების მქონე 40-მდე პაცინტი ჰოსპისის პერსონალის მიერ ინტენსიური მზრუნველობის და მკურნალობის კურსს გადის, რომლის დაფინანსებაც როგორც კერძო შემოწირულობებით ასევე თბილისის მერიის დახმარებით ხორციელდება.