თელავის რაიონულმა სასამართლომ ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ მესაზღვრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა.
ბრალდების მხარემ მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, რასაც შესაძლო მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხით ასაბუთებდა. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
თავად ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, თუმცა გამოძიების ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენა და დღევანდელ პროცესზე მხოლოდ მოსამართლის შეკითხვებს უპასუხა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2023 წლის 30 მაისს დააკავა. გამოძიების თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი 2023 წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.