საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ იცოდა.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე თავის დროზე ამბობდა ნიკა გვარამია. ის იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა გვარამია. ეს არის ძალიან სამწუხარო. ფაქტობრივად, ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამ ოდიოზური ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაც არის შემაშფოთებელი. თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები. ამ დროს გაირკვა, რომ ერთი თვის წინ, ჯერ კიდევ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით. ანუ, საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების წინაშე, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს არა საქართველოს მოსახლეობის კარნახით, ქართველი ამომრჩევლის კარნახით, არამედ გარე კარნახით, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – აცხადებს კობახიძე.