რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, როსგვარდიის, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაცვის ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფებს მიმართა და მათ გასულ შაბათ-კვირას შეიარაღებული ამბოხის მცდელობისას წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენ დაიცავით საკონსტიტუციო წყობა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, უსაფრთხოება და თავისუფლება. დაიცავით ჩვენი სამშობლო რყევებისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი. რთულ ვითარებაში თქვენ მოქმედებდით მკაფიოდ, შეთანხმებულად, საქმით დაამტკიცეთ რუსეთის მოსახლეობისადმი და სამხედრო ფიცისადმი ერთგულება, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა სამშობლოსა და მისი მომავლის ბედზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, ხალხი და არმია არ დადგა ამბოხებულების მხარეს. როგორც მან აღნიშნა, სამხედროების სიმტკიცემ და სიმამაცემ, ასევე საზოგადოების კონსოლიდაციამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ამბოხის ჩახშობაში.
პუტინის თქმით, ამბოხის დროს არ მოუწიათ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში ჩართული საბრძოლო დანაყოფების პოზიციებიდან მოხსნა. პუტინმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ამბოხისას დაღუპული მფრინავების ხსოვნას.