ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უწოდეს მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი უკრაინის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების გაგრძელებაა, რადგან საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საქართველო ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას არ წყვეტს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს ოპოზიციის ნაწილი უნისონშია.
“უნისონშია ზელენსკი, ოპოზიცია, სალომე სამადაშვილი, ნებისმიერი სხვა უამრავი ადამიანი შემიძლია დავასახელო დღეს, რომელიც ამ რევოლუციურ პროცესის ავტორი თუ არ არის, მონაწილეა აქტიური. ეს არის გაერთიანებული პოზიცია უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილის, ქართული ოპოზიციის. ერთობლივად მიტინგს რომ ჩაატარებ და საქართველოსგან ითხოვ საომარ მოქმედებებში ჩართვას და წინააღმდეგ შემთხვევაში ელჩის გაწვევას ახდენ ქვეყნიდან, რასაკვირველია, აქ კითხვები აღარ უნდა იყოს დამატებითი,” – აცხადებს გია ვოლსკი.