24 იანვარს ღამით შემზარავი შემთხვევა მოხდა თბილისში: თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გოგონა 26 წლის სოფო ბერიძეა. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ფსიქოლოგად მუშაობდა.
ავარიის შედეგად გარდაცვლილ გოგონასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე:
“გუშინ რომ გოგო მოკვდა ავარიაში, ტაქსიში მჯდომი გოგო, აგერ მყოლია მეგობრებში, ვიღაცამ სურათი გააზიარა და შემთხვევით ვნახე. გუშინს მერე ვცდილობდი და საერთოდ ვცდილობ, ამ მასშტაბის ტრაგედიები ფიქრისგან შორს დავიჭირო, თორემ გასკდება გული. რა უშველის ახლა ამ საქმეს? ამ შეწყვეტილ ოცნებებს, საქმეებს, გეგმებს. რაღაც დიდი და გაუგებარი უაზრობით. რომელიც ვერც ჩვენს თავში დავამარცხეთ მგონი ბოლომდე. გამკაცრებული რეგულაცია? მეტი განათლება? თაობების ცვლა? როდემდე უნდა ტრიალებდეს ასე ადვილად ეს უბილეთო სიკვდილის ატრაქციონი?”.