„ყველა პრობლემა უნდა მოვაქციოთ ისეთ ნორმატიულ სივრცეში, რომ ვერც ქალაქის ხელისუფლებამ და ვერც სხვამ ვეღარ გაბედოს ჩვენი გარემოს ხელყოფა”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ “ვერსიასთან“ ინტერვიუში.
„ქართველი და გერმანელი სპეციალისტების მიერ მომზადებულია თბილისის განვითარების გეგმა-კონცეფცია, რომელიც თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. თუმცა რატომღაც საკრებულო ამ პროცესს აჭიანურებს. ამ კონცეფციის დამტკიცების შემდეგ ეს ჯგუფი დაიწყებს მუშაობას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, სად არის რეკრეაციული, სამშენებლო ზონები. სად არის ხელშეუხებელი ადგილები. ანუ ეს საკითხი მთლიანად დაარეგულირებს ამ ანარქიულ სიტუაციას. ამას უნდა მოჰყვეს მეორე – ქალაქმშენებლობის განვითარების გეგმა. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულია ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც ასევე დაარეგულირებს ამ საკითხს. ეს კოდექსი უახლოეს მომავალში შემოვა პარლამენტში. წესით შარშან ნოემბერში უნდა დაწყებულიყო თბილისის განვითარების გეგმაზე მუშაობა, მაგრამ შესაძლებელია, არჩევნებმა შეუშალა ხელი, არ ვიცი. აქ ბევრი პრობლემაა, წინა ხელისუფლების დროს 8 თუ 9 მილიონ მეტრზეა გაცემული მშენებლობის ნებართვა, ეს ოფიციალური ხელშეკრულებებია.
როცა უკვე ვალდებულებები აქვს აღებული ქალაქის მერიას ხელშეკრულებების მიხედვით ძალიან ბევრი პრობლემა გროვდება. ასე მარტივი არ არის ამ ყველაფრის მოგვარება, ჩვენ ძალიან ცუდი მდგომარეობა ჩავიბარეთ. არსებობს 2013 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა თბილისის გამწვანებასთან დაკავშირებით. რამდენი ფული კეთდებოდა უგულავას მერობის დროსაც, კორუფციასაც რომ თავი დავანებოთ, 2009-2011 წლის ჩათვლით ოფიციალური ნებართვა ქალაქის ხელისუფლების მხრიდან გაცემული იყო 20 600 ხის მოჭრაზე. ამიტომ ეს ყველა პრობლემა უნდა მოვაქციოთ ისეთ ნორმატიულ სივრცეში, რომ ვერც ქალაქის ხელისუფლებამ და ვერც სხვამ ვეღარ გაბედოს ჩვენი გარემოს ხელყოფა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
წყარო: „ვერსია“