სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზებისა და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად.
„დღევანდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა. ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, – განაცხადა ებიტაშვილმა.