”ბავშვთა სამყაროში” არის ხანძრის გარკვეული კერები დარჩენილი, რის გამოც შენობაში შესვლა ექსპერტებისა და ”სამხარაულის ექსპერტიზის” ბიუროს მიერ აკრძალულია. აღნიშნული განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა გააკეთა.
რაც შეეხება ხანძრის ლოკალიზებას, მისი თქმით, ის გუშინვე მოხერხდა, ამჟამად კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
”ლოკალიზება ნიშნავს, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და ლიკვიდაცია ნიშნავს, როდესაც ხანძარი მთლიანად ჩამქრალი იქნება. არის გარკვეული კერები იმის გამო, რომ ბოლომდე შესვლა არ შეგვიძლია, რადგან აკრძალულია “სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს” ექსპერტების მიერ. გარედან ვმუშაობთ და ვაწარმოებთ დაქრობით სამუშაოებს. მთელი ღამის განმავლობაში დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები. მთელი ღამის განმავლობაში 11 ეკიპაჟი მუშაობდა და ამის შედეგად გაცილებით ნაკლები კერაა დარჩენილი. დაზარალებულები ეტაპობრივად შედიან და გამოაქვთ გადარჩენილი საქონელი, რისთვისაც უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია. შსს ყველაფერს აკეთებს, რომ ობიექტი იყოს დაცული და რაც გადარჩენილია ობიექტზე უვნებლად დაუბრუნდეს მეპატრონეებს”, – განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.