სააკაშვილი პოლიტიკიდან არც წასულა და დაბრუნების შესახებ განცხადებასაც შინაარსი არ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
ჰერმან საბო გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილს, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს: „არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება. მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, ჩავერთო მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში“.
ჰერმან საბოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრებსაც აღარ სჯერათ, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდა.
„ის რომ წასულიყო, ირიბად ყველა დავინახავდით იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარტივ მამრავლებად დაიშლებოდა. ვინაიდან ასეთი რაღაც არ მომხდარა, სააკაშვილი პოლიტიკიდან არც წასულა და დაბრუნების შესახებ განცხადებასაც შინაარსი არ აქვს. სად დაბრუნდა, სადაც იყო, იქ დაბრუნდა? რაც შეეხება ერთიანობას, ხალხს დავიმატებთ, მოვიყვანთ და გამაერთიანებელი თვითონ იქნება – ჯერ არც ამის მჯერა, რადგან შეუძლებელია, ასეთი ერთიანობა წარმოიდგინოს საღად მოაზროვნემ, თუ ვერ ვხედავთ, რომ სააკაშვილმა გადაიაზრა როლი, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს ისტორიაში, შეცდომები, რომლებიც დაუშვა, არ უფიქრია, როგორ აზღვევს ამ შეცდომებს. მისი მხრიდან ამ რაღაცებზე საუბარი თუ არ ყოფილა, მისი გაერთიანება განწირული იქნება „ქართულ ოცნებასთან“ წასაგებად“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
ამასთან, როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, უშინაარსო ერთიანობა წაგების გარანტიაა.
„ბოლო ათი წელია, არჩევნებზე ერთიანობის იდეით მოდიან, ხან ძალა ერთობაშია, ხან „გამარჯვების პლატფორმა“, სინამდვილეში, ასეთი ერთიანობა, უშინაარსო ერთიანობა არის წაგების ფორმულა, გარანტია. ვიდრე სააკაშვილი არ გამოიტანს მაგალითს წარსული ცხოვრებიდან, რატომ მოხვდა ციხეშიც, როგორ მოხდა, რომ მისი ერთგული მხარდამჭერები არ იბრძვიან მის გამოსაყვანად, ამ ყველაფერს არ გადაიაზრებს და სიმართლის ლაპარაკს არ დაიწყებს ღიად, მანამდე ნებისმიერი ასეთი გაერთიანება განწირული იქნება წაგებისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, როგორ მოუგოს სააკაშვილს, ეკლექტურად ერთად შეყრილ ხალხს, რომელსაც სააკაშვილი მიჰყვება წინ. როდის უნდა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე, მათ შორის ოპოზიციამ. სამწუხაროდ, ვერაფერს დადებითს და განსაკუთრებულს ვერ ვხედავ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაში. „ქართული ოცნება“ რომ ცუდი და შესაცვლელია, ამაზე შეიძლება, ყველა ვთანხმდებოდეთ, მაგრამ როგორ ვცვლით, ამ გზებზე ვერ ვთანხმდებით ჩვენ და სააკაშვილი. მისთვის შეცვლის გზაა, უბრალოდ იძახოს, რომ ქვეყანა გადასარჩენია. ჩემთვის გზა არის, რომ იდეები დავდოთ „ქართული ოცნების“ საპირწონედ. ამ ვითარებაში როცა გამოდის და ვიღაცას აკრიტიკებს, ჯერ საკუთარი თავით დაიწყოს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.