“მე და ზურაბ ჟვანიას შორის ერთ-ერთი უსიამოვნო საუბარი, რომელიც ქუთაისის დაფინანსებას ეხებოდა, 2004 წლის 29 დეკემბერს შედგა და ამან უფრო დაამძიმა მისი გარდაცვალების ფაქტი”, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა ნინო ბურჯანაძემ “ვერსიასთან” ინტერვიიუში:
“საერთოდ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ბატონი ზურაბის შეცდომა ის იყო, რომ მან ჩათვალა, იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო, რომ მისთვის ბურჯანაძის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი აღარ იყო და სააკაშვილთან თავისი გავლენის გამყარებას შეძლებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არცთუ მარტივი იყო. ვფიქრობ, ბურჯანაძე-დემოკრატების ერთობა რომ შეგვენარჩუნებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
ერთ ფაქტს გეტყვით: ბატონი ზურაბი უდავოდ დიდი პოლიტიკოსი და ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ გარდაცვალებამდე, სამწუხაროდ, საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამ გუნდის და პირადად ბატონი ზურაბის წინაშე ვალდებულებად ჩავთვალე, რომ ჩემი რეიტინგის მიუხედავად, ახალი პარტია არ შემექმნა. ბატონმა ზურაბმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ დემოკრატების პარტია გაეუქმებინა და ”ნაციონალებისთვის” შეეერთებინა. ესეც განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი იყო, რადგან ამის შესახებ გაზეთიდან გავიგე…
_ ქალბატონო ნინო, ხომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ჟვანიამ გამოგიყენათ?
_ მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, წარსულია. თუ ვინმემ გამოგიყენა, ესე იგი, შენ არ მოიქეცი ისე, როგორც საჭირო იყო…”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
www.versia.ge