“სააკაშვილმა ვერც ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვერც წასვლის შემდეგ ვერ მოიცილა სასამართლოზე ზეწოლის სურვილი”, – ამის შესახებ „კვირას“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
მისი შეფასებით, მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.
„როგორც მგელი ვერ მოიშლის მგლობას, ისე სააკაშვილმა ვერც ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ვერც წასვლის შემდეგ ვერ მოიცალა სასამართლოზე ზეწოლის სურვილი. ყოველთვის, მისი პოლიტიკურ საქმიანობის ყველა ეტაპზე, მას ეს სურვილი ამოძრავებდა. ჩემთვის პირადად, ძალიან ლოგიკური ჯაჭვი იკვრება, რომ ის მილიონები, რომლებსაც მუდმივად ახსენებენ, სწორედ ამ მოსაზრებით გროვდებოდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. როგორც ჩანს, ამ საქმეში ჩართულები იყვნენ სათანადო პირები. გვარამია არ იყო რიგითი ადამიანი, ის თავის დროზე იუსტიციის საბჭოს წევრი იყო და სასამართლო სისტემასთან აქტიური შეხება ჰქონდა. შემდეგ გენერალური პროკურატურაში იყო და შეიძლება, ერთგვარ კოორდინაციას ის აკეთებდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ სქემამ იმიტომ არ იმუშავა, რომ მოსამართლეებმა პროკურატურას გადასცეს ის მასალები. ეს, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა თავის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ძალიან აქტიურად იბრძვის. სასამართლო ყველანაირი ზეწოლისაგან უნდა იცავდეს თავს და პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს პროკურატურას იმისათვის, რომ ეს ინსტიტუტი ზეწოლისაგან ყოფილიყო დაცული – ეს არის მნიშვნელოვანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობების მიუხედავად სასამართლო დარჩება ობიექტურ და თავის გადაწყვეტილებებს სწორედ ობიექტურობის დაცვით გამოიტანს“, -განუცხადა ძიძიგურმა „კვირას“.
ძიძიგური პროკურატურის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებს.
„პროკურატურა, რომ ოპერატიულად მუშაობს ეს ფაქტია, ამ უწყებას საქმის გამოძიებისთვის, ხშირ შემთხვევაში, აქვს რამდენიმეთვიანი ვადა და ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, პროკურატურამ გაასაჯაროვა ის დოკუმენტები, რომლებიც გამოძიების ინტერესებს არ ეწინააღმდეგება“ ,-აღნიშნა ძიძიგურმა.
მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.
როგორც პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის: გამოიკითხნენ განცხადების წარმომდგენი მოსამართლეები ბ. ალავიძე და პ. ქათამაძე, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები, დათვალიერდა ხსენებული მოსამართლეების მობილური ტელეფონები, ჩატარებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ხსენებული მიმართვების და მოკლე ტექსტური შეტყობინებების განმახორციელებელი პირების დადგენის მიზნით.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ მობილური ტელეფონის უკრაინული ნომრიდან.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვისას, ორივე მოსამართლემ კატეგორიულად უარყო, გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, მანამდე ან მას შემდეგ, მათ საქმიანობაში ჩარევის ან/და ჩარევის მცდელობის სხვა რაიმე ფაქტის არსებობა“, -აღნიშნავენ პროკურატურაში.
“სააკაშვილმა ვერც ხელისუფლებაში ყოფნისას და ვერც წასვლის შემდეგ ვერ მოიცილა სასამართლოზე ზეწოლის სურვილი”
2017/02/07 17:01:17
კომენტარები
ნანახია: 1338 ჯერ