საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია “რუსთავი 2”-ს, კერძოდ კი გადაცემა “არჩევანს” ეკლესიის შიგნით არსებულ პრობლემებზე არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ საპატრიარქოს საკითხებზე საუბრის დეფიციტი არ არსებობს. „რაღაც არ მახსოვს, ბატონო გიორგი, რომ თქვენ თავი შეგეკავებინათ ტელედებატების მოწყობისგან ეკლესიის თემაზე,“ – განაცხადა ლაშა ჟვანიამ. ის ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მიერ არჩევანის ეთერში გაჟღერებული ფაქტების აბსოლუტური უმრავლესობა სიახლე იყო. „მე ვისურვებდი, რომ გუშინ დასახელებული ფაქტები, მეუფე პეტრეს მიერ, გამყარებული იყოს დოკუმენტალურად,“ – აცხადებს ლაშა ჟვანია. მისი აზრით, უნდა ჩატარდეს აუდიტი, რათა გაირკვეს სრული ინფორმაცია, როგორ და რა მიზნით მოიხმარენ საპატრიარქოს ქონებას. ის აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია ეკლესიაში არ იყოს პრობლემა“. მისი აზრით, ამ პრობლემების გადაჭრით ყველა ყოველდღიურად უნდა იყოს დაკავებული. ლაშა ჟვანია ასევე აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოველთვის პრობლემის არსში იცის ჩაძიება და “შეხვედრას არ დაასრულებს ისე, თუ პრობლემის გადაწყვეტის გზა არ გამოინახა“.
რაში ადანაშაულებს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნიას?
2017/02/16 10:54:00
ნანახია: 1942 ჯერ