საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, პარლამენტის მიერ კანონის მიღების პროცესი ბევრ კითხვას ბადებს, რადგან პროცესი წარიმართა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გარეშე.
პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მან მიმართა ვენეციის კომისიას კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე რამდენიმე კონსულტაცია გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოსაზრებით დაინტერესდა – რამდენად შეესაბამება კანონპროექტი ევროპულ სტანდარტებს.
გიორგი პაპუაშვილი მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას კანონპროექტის შესახებ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ კანონის მიღებამდე კონსულტაციები პარლამენტის მხრიდან გამართულიყო.
გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ინიციატივის გამოჩენისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები და ინსტიტუტები გულისყურით მოეკიდებიან “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონს.