გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი აფხაზეთის ტერიტორიის დატვებას „ანრი დუხინის“ სახელით ცდილობდა, – ამის შესახებ „კვირას“ კავკასიის საკითხთა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას სანდო წყაროდან ჰქონდა, თუმცა, ექსპერტის ვარაუდით, კანჯიოღლიმ რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა ვერ მოახერხა და მისი აყვანა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.
„მაღალი ალბათობით, სინამდვილეს შეეფერება გავრცელებული ინფორმაცია კანჯიოღლის დაკავების შესახებ, რადგან, აფხაზური მედიიდანაც კარგად ჩანს, რომ ავტორიტეტული აფხაზები ძალიან გაღიზიანებული არიან მომხდარი მკვლელობის გამო და აფხაზური მხარე მკვლელს არცერთ შემთხვევაში ხელს არ დააფრებდა“, – განუცხადა „კვირას“ არეშიძემ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დიდი ალბათობით რუსეთის მოქალაქეა, რადგან აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის 70%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ საყურადღებოა ის მომენტი, რომ რაშიდ კანჯიოღლი გათურქებული ლაზია.
შეგახსენებთ, რომ „კვირას“ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი დაკავებულია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა. მინისტრის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ მასაც აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაციის სისწორე მოწმდება.
„შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი ინფორმაცია ახლოსაა სიმართლესთან. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირი დაკავებულია, მაგრამ მე ადგილზე არ ვყოფილვარ. რამდენად ასპროცენტიანია ეს ცნობა, ამის პირობას ვერ დავდებ. აფხაზეთის ტერიტორიაზეა დაკავებული, ბრალი ედება წინასწარ განზრახულ მკვლელობაში. ეს ინფორმაცია სანდრო წყაროდან მაქვს, მაგრამ უნდა გადამოწმდეს“, – განუცხადა „კვირას“ ზაქარეიშვილმა.
29 წლის რაშიდ კანჯიოღლი რუსეთის მოქალაქე, ოკუპირებული ტყვარჩელის მკვიდრია. შეგახსენებთ, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
http://kvira.ge/