დიახ, მართლაც, საქართველო „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია და საქართველოს ტრადიციულად ეკავა ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჩინური ტელეარხის CGTN-ის წამყვანის კითხვას, თბილისსა და პეკინს შორის დაკავშირებადობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ.
ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩინეთთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
„ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა, მნიშვნელობა დღესაც აქვს. საქართველო, და ზოგადად, სამხრეთ კავკასია გვთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ გზას ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ევროკავშირთან ჩინეთის დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავს ამ ინიციატივის მხარდამჭერ ნაწილად განვიხილავთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური გაცვლა და თანამშრომლობა გვექნება; საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს, ვინც გამოიყენებს ე.წ. შუა დერეფანს ან კასპიის დერეფანს. სწორედ ამიტომ არის ამ იდეის ნაწილად ყოფნა ორმხრივად მომგებიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
