საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი კარლო კოპალიანი უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან მიდის.
როგორც კოპალიანმა გაზეთ „ახალი თაობის“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, ივანიშვილი არსად არ მიდის, „ან რატომ უნდა წავიდეს“.
„განაწყენებული რომ არის, არ მიკვირს. სხვა მაგის ადგილზე იმის მეათედსაც ვერ მოითმენდა, რასაც ეს კაცი ითმენს. ადამიანს სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია და პასუხად აქციებს და სიბინძურეების ძახილს იღებს. ასე ხომ არ შეიძლება.
ივანიშვილმა თავისი ჯიბიდან 3 მილიარდი ამოიღო და საქართველოს მოახმარა. მას ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამ დროს პაატა ბურჭულაძეზე გაიძახიან, ქველმოქმედიაო. მისი ფონდი „იავნანა“ მართალია, ვიღაცებისთვის ბინებს ყიდულობდა, მაგრამ ეს ფული ხომ ბურჭულაძის ჯიბიდან არ ყოფილა ამოღებული. ამ ფონდში მთელი საქართველო რიცხავდა თანხებს. ივანიშვილი კი თავისი ფულით ეხმარებოდა ქვეყანას. მისნაირი კიდევ ერთი რომ ჰყავდეს საქართველოს, კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე.
არ ვიცი, რატომ დაასკვნა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, რომ ივანიშვილი საქართველოდან მიდის. მე რამდენადაც ვიცი, ის აქტიურ ბრძოლაში აპირებს ჩაბმას და „ნაციონალების“ პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმანი უნდა დააჭედოს. ოქტომბერში“ ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მის მიერ გამოჩეკილი ძალებიც გაქრებიან“ – აცხადებს კოპალიანი.