დეკანოზი გიორგი მამალაძე ”ავერსის” კლინიკიდან კვლავ ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტს კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები დამუშავების პროცესშია. გახოკიძის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
”პაციენტი გადმოიყვანეს კომპიუტერულ და მაგნიტორეზონანსულ კვლევებზე. მას ჩაუტარდა აღნიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევები. ამჟამად მიმდინარეობს მიღებული გამოსახულების დამუშავება. შედეგები კი დასკვნის სახით გადაიგზავნება ჩაფიძის კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა ირაკლი გახოკიძემ.
ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრში პარასკევს მოათავსეს. ის გონების დაკარგვის გამო შევიდა კლინიკაში, თუმცა გარდა ამისა, მას პნევმონია (ფილტვების ანთება) დაუდგინდა. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ სხვადასხვა გამოკვლევა გახდა საჭირო, რის გამოც დეკანოზი ”ავერსის” კლინიკაში საღამოს საათებში გადაიყვანეს.