პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება 2023 წლის 4 ივლისს, სოფელ ველისციხეში 71 წლის თანასოფლელების მკვლელობას. 1991 წელს დაბადებული ბრალდებული – გიორგი ფარსადანიშვილი წარსულში ნასამართლევია.
უწყება ამბობს, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადობა დაუდგინდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.