საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, კარგ საარჩევნო კანონს გამართული ადმინისტრირება ჰქონდეს.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. როგორც აღმოჩნდა, თურმე, არ არის დოგმა ის რეკომენდაცია, რაც ვენეციამ მოგვცა და მასაც განსხვავებული წინადადება აქვს წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, კარგ საარჩევნო კანონს გამართული ადმინისტრირება ჰქონდეს და ცესკოს თავმჯდომარე, წევრები მოვალეობას ასრულებდნენ კანონით განსაზღვრული ვადით და არა მუდმივად ექვს-ექვსი თვით, რაც მათი მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. საუბარია თუ არის იმაზე, რომ ცესკოს თავმჯდომარე თავის მუშაობაში თავისუფალი იყოს, ყოველ ექვს თვეში პარლამენტის მიერ არჩევა რომ უწევს და მტკიცება, კიდევ ერთხელ ამირჩიეთო, ეს დამოუკიდებლობის ხარისხს დაბლა სწევს. აქედან გამომდინარე, ვეტოს დავძლევთ, იმ გამართულ კანონს მივიღებთ, რომელიც გვაქვს და თავიდან ბოლომდე ევროპული სტანდარტისაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა “პირველ არხთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.