სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უკვე ყოფილი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირებები ახლა არ დაწყებულა და ეს დიდი ხანია მიმდინარეობს.
”საერთოდ ნათქვამია, სადაც მადლია, იქ ყოველთვის არის ცოდვაც. ასე რომ, ეს პროცესები ცოტა რთულად არის”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ყველაფრის უკან იდგეს შორენა თეთრუაშვილი, განაცხადა, რომ მასთან ”ტკბილი ურთიერთობა” არ ჰქონდა.
”დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა. ამ ყველაფერს დროს სჭირდება. რასაც თქვენ მეკითხებით ახლა, მე პირადად გარკვევის პროცესში ვარ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი იქიდან წამოსვლით ამას უფრო დავინახავ, ვიდრე იქ ყოფნის განმავლობაში ვხედავდი. ჩემი სამსახური იყო ის ორგანო, რომელიც იყო აბსოლუტურად პატრიარქის და სხვას არავის ექვემდებარებოდა საპატრიარქოში.
ეს სამსახური როდესაც შეიქმნა, ყოველთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვათანხმებდი პატრიარქთან და არავისთან სხვასთან. ესეც იყო ერთ-ერთი პრობლემა. იყო მცდელობები, რომ ვიღაცისთვის კიდევ შემეთანხმებინა”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ის იყო პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროც იყო.
”მე არავინ მჭირდებოდა პატრიარქთან ურთიერთობისთვის. ყოველთვის, როცა იყო ამის საჭიროება, მე პირადად შემეძლო შესვლა მის უწმინდესობასთან და ნებისმიერ საკითხზე დალაპარაკება”,- განაცხადა სოსო ოხანაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გადაცემა”პოსტსკრიპტუმში” .