ნებისმიერ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება უკანონო და ამით ყველა მოსამართლე ხელს მოაწერს პროფესიულ და კარიერულ თვითლიკვიდაციას, – ამის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხვალ არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების ბედი, არამედ თავად უზენაესი სასამართლოსა და მისი მოსამართლეების ბედიც წყდება.
”ხვალ, სავარაუდოდ, გადაწყდება არა მხოლოდ ”რუსთავი 2”-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, იარსებებს თუ არა დემოკრატია, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს საკუთარ ბედსაც. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეები მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებას და ნებისმიერ შემთხვევაში ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნება უკანონო, ყველა მათგანი ხელს მოაწერს პროფესიულ და კარიერულ თვითლიკვიდაციას. ნებისმიერი ვითარება, როდესაც ამ ქვეყანაში არ იქნება ოლიგარქიული ავტოკრატია, დაასრულებს მათ კარიერას. ყველა მოსამართლეს მოვუწოდებ, გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი პროფესიული ღირსების, სინდისის, შინაგანი რწმენისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.