4 წელი ველოდებოდით OneRepublic-ის თარიღს ახლა მოვახერხეთ. ჩამოდიან 10 მაისს და ჩამოდიან მათი ბოლო ალბომის მხარდამჭერ ტურნეში და რა თქმა უნდა, ყველა ჰიტი გაჟღერდება, რომელიც ასე ძალიან კარგად ვიცით მათი შემოქმედებიდან, – ამის შესახებ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბენდი „სკორპიონსი“ უკვე მეორედ ჩამოვა საქართველოში და ერთ-ერთი ისტორიული და დასამახსოვრებელი კონცერტი იქნება.
„4 წელი ველოდებოდით OneRepublic-ის თარიღს, ორჯერ გვყავდა დაანონსებული და რაღაც პოლიტიკური და ეპიდემიური მოვლენების გამო ვერ მოხერხდა ამ ბენდის საქართველოში ჩამოყვანა. ახლა მოვახერხეთ, ჩამოდიან 10 მაისს და ჩამოდიან მათი ბოლო ალბომის მხარდამჭერ ტურნეში. რა თქმა უნდა, ყველა ჰიტი გაჟღერდება, რომელიც ასე ძალიან კარგად ვიცით მათი შემოქმედებიდან. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ OneRepublic-ის ლაივები მართლა განსაკუთრებული და ენერგიით სავსეა და ყველას ვურჩევდი ამ ლაივის დასწრებას, რადგან არნახული სიამოვნება ელოდებათ მათი მოსმენითა და ყურებით. „სკორპიონსს“ რაც შეეხება, ეს ბენდი 1965 წელს შეიქმნა და 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არ კარგავს აქტუალობას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ბოლო ტურნე იქნება მათ კარიერაში და ის ეძღვნება 1984 წელს მათ მიერ გამოცემულ ალბომს. ყველა ჰიტი იქნება ამ ალბომიდან შესრულებული, თუმცა ერთგვარი შეჯამება იქნება ეს კონცერტი „სკორპიონსის“ შემოქმედებისა, რაც მათ დააგროვეს მთელი 60 წლის განმავლობაში. ასეთ ლეგენდასთან გვაქვს საქმე, ბენდი 60 წლიანი ისტორიით უკვე მეორედ ჩამოვა საქართველოში და ვფიქრობ, ერთ-ერთი ისტორიული და დასამახსოვრებელი კონცერტი იქნება. ძალიან ვამაყობთ ამ კონცერტით და საქართველოში მათი მასპინძლობით“, – აღნიშნა ტატო ხარჩილავამ.