დღეს, ხუთშაბათს უნდა გადაწყდეს, როდის დაინიშნება წმინდა სინოდის სხდომა, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საკითხი (ეკლესიის შიდა პრობლემების გასაჯაროებას გამო) უნდა დაისვას და სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, გამოიძიებს მეუფეს მიერ გახმოვანებულ ბრალდებებს თუ თავად მეუფეს დააკისრებს რაიმე სანქციას.
როგორც პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, ხუთშაბათს გადაწყდება სინოდის სხდომის ზუსტი თარიღი, ხოლო რა მოხდება, ამაზე თავად ვერ ისაუბრებს, ამ საკითხს სინოდი გადაწყვეტს. მანვე გუშინ პირველ არხს განუცხადა, რომ სინოდის ჩატარების სავარაუდო თარიღი 7 მარტია.
მისი თქმით, შესაძლოა სინოდმა “ურჩიოს, შეაგონოს მიტროპოლიტს, რომ ასე არ შეიძლება. გააჩნია, მეუფე პეტრე როგორ პოზიციას დაიჭერს.”
“თუ მოინანიებს, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, თუ არა – მაშინ სინოდი გადაწყვეტს,” – აღნიშნავს მამა გიორგი ზვიადაძე.
ის დასძენს იმასაც, რომ თუკი ცილისწამებაა, ეს კიდევ უმძიმესი დანაშაულია, მაგრამ ამ ყველაფერზე სინოდმა უნდა იმსჯელოს.
კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგი ვლადიმერ ნარსია ამბობს, რომ “თუ ქრისტეს ეკლესიაზეა ლაპარაკი, მიტროპოლიტ პეტრეს ვერ დასჯიან.”
“ქრისტეს ეკლესიას გააჩნია თავისი აწესები და ის უნდა დაიცვან. ჯერ ორჯერ უნდა გააფრთხილონ, შემდეგ კი თუ დასჯას გადაწყვეტენ, ეკლესიის სხვა წევრებს უნდა აუხსნან, რა არის არგუმენტი. თუ მეუფე პეტრე სიმართლის თქმისთვის დასაჯეს, ეს ქრისტეს ეკლესიის ხმა არ იქნება,” – აღნიშნავს ნარსია.ის გამორიცხავს იმას, რომ მეუფე პეტრემ უგულებელყოს ის, რასაც ამ დღეებში საუბრობს და გაჩუმდეს.
“ისე პოზიციონირებს მეუფე პეტრე, შეუძლებელია ამ ყველაფრის უგულებელყოფას დაეთანხმოს და გაჩუმდეს. თუ შეძლებს არგუმენტირებულად პოზიციონირებას, ასეთ შემთხვევაში სინოდი იძულებული გახდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება დაიწყოს, რომ ან ბრალდებების ნამდვილობა დაადასტუროს, ან უარყოს,” – დასძენს ნარსია.
ცნობისათვის, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში პატრიარქი ილია || წმინდა სინოდის სხდომას მოიწვევს, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს მიერ გამოთქმული არაერთი ბრალდების განხილვა უნდა მოხდეს.
მისი თქმით, სინოდზე განიხილება მეუფე პეტრეს მიერ გამოთქმული ბრალდებები, რომლის გასაჯაროებას მიუღებლად და საეკლესიო კანონის დიდ დარღვევად მიიჩნევს.
საგულისხმოა ის, რომ “ციანიდის საქმეზე” დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ საპატრიარქოში მეორე დიდი სკანდალი აგორდა, რომელიც ეკლესიის ფინანსებს უკავშირდება.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკლესიაში დიდი კორუფცია და უკანონო ბიზნესია, მასში ჩართულია პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელიც არის ეკლესიის ჩრდილოვანი მმართველი, ე.წ. რუხი კარდინალი და რომლის დავალებებასაც, მათ შორის კორუფციულს, უსიტყვოდ ასრულებს რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებსაც თავად თეთრუაშვილი “ოქროს თევზებს” უწოდებს. ოქროს თევზები კი არიან, პირველ რიგში ქორეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), რომელიც ფინანსურ საკითხებში ყველაზე მეტად არის ჩართული, პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე) და ქორეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).
მეუფე პეტრე საუბრობს იმაზე, რომ მაგალითად საროსკიპო იყო გახსნილი ერთ-ერთ შენობაში, რომელიც საპატრიარქოს კუთვნილება იყო. ასევე თქვა ისიც, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც საზღვარზე დიდი რაოდენობის ნარკოტიკების გადმოტანისთვის იყო დაკავებული, გამოუშვეს და ის ისევ აგრძელებს საეკლესიო საქმიანობას და ასეთი დაუსჯელობა ეკლესიას აზარალებს. ამ ბრალდებების საპასუხოდ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ დაუშვებელია, როდესაც “მეუფე პეტრე თავს უფლებას აძლევს, არასწორ და დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიოს წმინდა სინოდის წევრები და ეს უკიდურესი არაეკლესიურობაა.”
მისი თქმით, მეუფე პეტრე ეკლესიას შეურაცხყოფს და საეკლესიო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს, რადგან პრობლემებსა თუ ბრალდებებზე საუბარი უნდა მოხდეს მხოლოდ წმინდა სინოდში და საჯაროდ საუბარს არანაირი გამართლება არ აქვს.
“ყველა მღვდელმთავარს აქვს მოვალეობა, უპირატეს მღვდელმთავრის, კათოლიკოს-პატრიარქისგან მიიღოს საუბრის თანხმობა. ამიტომ, ეს არის უხეშად დარღვევა საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების, როდესაც მღვდელმთავარი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსებზე, სინოდის წევრებზე საჯაროდ ისე, რომ ამის შესახებ არ იცის პატრიარქმა და წმინდა სინოდმა,” – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”. მისი თქმით, მოციქულთა 34-ე კანონის განმარტებებში წერია, თუ რამდენად “მძიმე და უკიდურესად უხეში დარღვევაა” ეს ეკლესიაში.
კონკრეტულად რა სანქცია შეიძლება დაეკისროს “უკიდურესად უხეში დარღვევის” გამო მიტროპოლიტ პეტრეს, ამაზე კომენტარისგან მამა გიორგი ზვიადაძე თავს იკავებს.
“ხვალ გამოცხადდება. შევთანხმდით, რომ სინოდის სხდომამდე აღარ იქნება განცხადებები, რომ სინოდს დაველოდებით. იქნება ისე, როგორც ის გადაწყვეტს,” – ამბობს “რეზონანსთან” მამა გიორგი ზვიადაძე.
მეუფე პეტრეს თქმით, მის მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებზე სინოდის კრებაზე საუბარი სურდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა და ამიტომ გახადა საჯარო.
“ეს ბრალდებები სინოდზე რომ განხილულიყო, აღმოიფხვრებოდა და ამ მდგომარეობაში. ჩვენ არ ვიქნებოდით. არც მამა გიორგის სკანდალური რეალობა არ იქნებოდა. არის დაუსჯელობის სინდრომი. არ არის შიში. არის უამრავი მძიმე რჯულის დარღვევა. მოიკითხონ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, რომელიც სრულიად საქართველოს გულია, სასულიერო პირების მძიმე დარღვევა, აყველა ცოდვა, სოდომური ცოდვით დაწყებული, მრუშობისა, კორუფციისა, ნარკომანიისა…” – აღნიშნავს “რუსთავი 2”-თან ჭყონდიდის მიტროპოლიტი.
ის ამბობს, რომ თუ მისი გამოსვლა და მხილება სჯულის დარღვევაა, სიამოვნებით იქნება პირველი მსხვერპლი.
“თუ ჩემი გამოსვლა, ჩემი მხილება ამ კონტექსტში არის სჯულის დარღვევა, მე არაერთხელ მითქვამს, დიდი სიამოვნებით ვიქნები პირველი მსხვერპლი წმინდა სინოდის სხდომაზე, თუ საეკლესიო სასამართლოში, რომელიც აუცილებლად უნდა აღდგეს, თუ დიდ გაფართოებულ ეკლესიის კრებაზე. “თუ ეს პროცესი დაიწყება, ამას ვეძახი თამარისეულ მიდგომას. თამარ მეფემ შეკრიბა დარბაზი და მოუწოდა, ყველანი ვამხილოთ მიუხედავად თანამდებობისა, წოდებისა. არავინ არ დაჩაგროთ თავისი სიმდაბლისა, სიგლახაკისა გამო და მხილება დაიწყეთ ჩემით. სანამ პირველი პირი ამას არ იტყვის და ეს დამოკიდებულება არ გვექნება, მანამ პრობლემები არ აღმოიფხვრება არც ეკლესიაში და არც ქვეყანაში,” – აცხადებს მეუფე პეტრე.
თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, ეკლესიის ისტორიაში არ შექმნილა ისეთი კანონი, რომელიც სიმართლეს დასჯის და ამიტომ თუ მეუფე პეტრე ფაქტებით ისაუბრებს და ეს ფაქტები სიმართლე იქნება, შეუძლებელია სიმართლის მთქმელი ეკლესიამ დასაჯოს. ხოლო თუკი რამე სანქცია მაინც დაუწესეს, ეს ეკლესიის ხმა არ იქნება.
“გიორგი ანდრიაძემ თქვა, თუ არ გინდათ, მაშინ დაიხურეთ ქუდი და სახლში წადითო. ეკლესიაზე ასეთი კლუბური დამოკიდუბელება მიუღებელია. ეკლესიის თავში ქრისტე დგას და ეს საზოგადოება, კლუბი არ არის. პროცედურულად, თუკი ეპისკოპოსი ეჭვმიტანილია რაღაც ტიპის გადაცდომაში, მას სინოდის კრებაზე პირველად გაფრთხილება უნდა მიეცეს, თუკი ისევ გააგრძელებს ამ ტიპის საქმიანობას, მეორედაც აფრთხილებენ. ეს ორჯერ გაფრთხილების პრინციპი ემყარება ქრისტეს სწავლებას, რომ ერთხელ შეაგონე, მეორედ შეაგონე და თუკი ის არ მოგისმენს, ის წარმართი ყოფილა. აქიდან ამოდის კანონიკური სამართალი. ორჯერ შეგონების შემდეგ სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეული ტიპის სანქციის სახით, მაგრამ ამას აქვეყნებს დოკუმენტურად და ხსნის, რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება,” – ამბობს ნარსია.
მისი თქმით, ორი ათეული წელია ეკლესიაში დაპირისპირებაა და მუდმივად ამ დაპირისპირების ერთ მხარეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დგას, მეორე მხარეს წლების წინ იდგნენ სასულიერო სემინარიის სტუდენტები და ახლა კი დგას მეუფე პეტრე. კრიტიკის თემა კი ყოველთვის არის ის, რომ თეთრუაშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი.
ამბობს, რომ თუკი ახლა მიტროპოლიტი პეტრე დაისჯება, ეს სქიზმას გამოიწვევს და ქალის გამო სქიზმის გამოწვევა მსოფლიოს თვალში ყველაზე სამარცხვინო რამ იქნება.
“ეპისკოპოსის დასჯა იმას ნიშნავს, რომ ეკლესია სქიზმას უწყობს ხელს და რაც იმის ნიშნავს, რომ შესაძლოა ერთი ჯგუფი ჩამოცილდეს მთლიანი ეკლესიის სხეულს. აქ ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ეკლესიის 20-საუკუნოვან ისტორიაში, სქიზმებს წარმოშობის უამრავი მიზეზი არსებობდა, მაგრამ სქიზმის მიზეზი ქალი არასოდეს ყოფილა. დღეს კი შეიძლება მივიღოთ და საერთაშორისო საზოგადოების თვალში კომიკურები გავხდებით. პეტრე ცაავა მხოლოდ იმას ითხოვს, რომ ქალი მოაშორეთ საეკლესიო მმართველობას, აღვადგინოთ საეკლესიო სასამართლო, პირველი ჩემი საკითხი გაიტანეთ და ჩემით დაიწყეთ გაწმენდაო. თუ ის უნდათ, რომ ქალი გახდეს სქიზმის მიზეზი, ამაზე კარგად უნდა დაფიქრდეს ის ხალხი, ვინც ამ პროცესის პროვოცირებას ახდენს. ვთვლი, რომ მეუფე პეტრეს გაფრთხილება პრობლემას ვერ მოაგვარებს და სავარაუდოდ ეს სცენარი განვითარდება,” – დასძენს ნარსია.
გაზეთი “რეზონანსი”