დღეს არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის და რეგიონული ცხელი წერტილების ფონზე, საქართველოს მთავრობა მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების პოლიტიკას ატარებს და წლიდან წლამდე ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის ტემპს ინარჩუნებს, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენიმ განაცხადა.
„მე ძალიან მომწონს საქართველო. საქართველოს უნიკალური ბუნებითა და საუცხოო პეიზაჟებით ჩამოსვლის მომენტიდან მოვიხიბლე. თბილისის გარდა, ნამყოფი ვარ ქუთაისში, თელავში, ბორჯომში, ბაკურიანში, გორში, ბათუმში, ურეკში და სხვა ქალაქებსა და რაიონებში. სადაც არ უნდა წავიდე, თქვენი ისტორია, კულტურა და სტუმართმოყვარეობა ყოველთვის ღრმა შთაბეჭდილებას მიტოვებს. ყველგან იგრძნობა უფროსი თაობისადმი პატივისცემა და ბავშვების მიმართ სიყვარული, ოჯახისა და სხვა ტრადიციული ღირებულებების დაფასება. ამ მხრივ ჩინურ კულტურასთან ბევრი საერთო აქვს საქართველოს, რაც ჩემთვისაც და აქ მცხოვრები სხვა ჩინელებისთვისაც ორმაგად სასიამოვნოა.
საქართველო ევრაზიის გასაყარზე მდებარეობს, ამიტომ იგი უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრი იყო რეგიონში. დღეს არსებული რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის და რეგიონული ცხელი წერტილების ფონზე, საქართველოს მთავრობა მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების პოლიტიკას ატარებს და წლიდან წლამდე ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის ტემპს ინარჩუნებს. ბოლო პერიოდში საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ჩინეთთან, რუმინეთთან და სხვა ქვეყნებთან და ამავდროულად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც მოიპოვა. მე პირადად ვფიქრობ, რომ საქართველოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი, დაბალანსებული, რაციონალური და პრაგმატული. ეს არის ტრადიციული ქართული სიბრძნის თანამედროვე ვითარებასთან შეთავსება, რაც დღევანდელ არეულ სამყაროში საქართველოს რისკების აცილებასა და შესაძლებლობების მოპოვებაში ეხმარება.