პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თავი შეგვეკავებინა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებისგან, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენ პატრიარქმა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს, თუ ვთქვათ ზიარება ან საღვთისმსახურო მოთხოვნა არ არის, თავი შეგვეკავებინა, რადგან რაღაც გარკვეულ გაუგებრობას ქმნისო. თუმცა, რასთან არის ეს დაკავშირებული, მე არ ვიცი”, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.
მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც ოჯახის წევრებით თხოვნით გუშინ გაიმართა. მიტროპოლიტის თქმით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათზე ამ დროის მდგომარეობით არანაირი მუქარა ან ზეწოლა არ ხორციელდება.
”მე გუშინ მამა გიორგის ოჯახის წევრებს შევხვდი მათივე მოთხოვნით. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ თავს დატეხილ პრობლემაზე და მათ დავუსვი კითხვა, რადგან ორაზროვანი განცხადება ჰქონდა მამალაძის ადვოკატს და მე ვუთხარი, რომ თუ არის საშიშროება, სატელეფონო ზარი მუქარის ან შეტყობინება. ამის მსგავსი არაფერი არისო, მათ მითხრეს”, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა.