ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ ქალები იყვნენ ჩვენს სიაში რაც შეიძლება მრავლად. აგერ, გამოქვეყნდება სია და ნახავთ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესაბამისი რაოდენობით ქალების სიაში შეყვანის პრობლემა არ აქვს, არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მე მგონია, რომ ამის პრობლემა უფრო პატარა პარტიებს აქვთ. არც ის მგონია შემთხვევითი – არ ვიცი, შეიძლება ეწყინოთ „გირჩში“ – რომ პატარა პარტიის მხრიდან დაინიცირდა ეს. სინამდვილეში ყველას უნდა, უბრალოდ პიარულ ხრიკად იყენებენ იმას, ვითომ არ უნდათ. ხდება კულისებში რაღაც საუბრები, რაზეც ლაპარაკი მორალურად სწორი არ არის. ყველას უნდა კვოტირების გაუქმება, განსაკუთრებით პატარა პარტიებს, კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე, მათ შორის „ნაცმოძრაობასაც“, იმიტომ რომ მათ ეს პრობლემა აქვთ. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესაბამისი რაოდენობით ქალების სიაში შეყვანის პრობლემა არ აქვს, არის „ქართული ოცნება“. თუმცა მართლა რაღაც პრინციპები არსებობს, რასთან დაკავშირებითაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და არ უნდა შეგვეშინდეს. თანხმობა არის ჩვენი თამამი გადაწყვეტილება. არ სჭირდებათ ქალებს ჩვენი წახმარება რაღაც ხელოვნური ინსტრუმენტებით. მათ აქვთ აბსოლუტური თავისუფლება, გამოიჩინონ თავი, მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზება, ქალები არიან ძალიან მაგრები ნებისმიერი მიმართულებით. აღარ აქვს საქართველოში ქალს იმის პრობლემა, რომ დისკრიმინაციის სუბიექტი გახდეს, მით უმეტეს პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – აღნიშნა მდინარაძემ