ბოლო პერიოდში გამოჩნდა დიდი ფული, იმდენად დიდი, რომ მისი ერთ-ერთი მიმართულების, ლგბტ პროპაგანდის მხოლოდ ირიბი მხარდაჭერის 5-6 პროცენტიც საკმაოდ სოლიდური თანხა აღმოჩნდა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გრანტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა გრანტს გააჩნია თავისი მიზნობრიობა და გარკვეული მიზნით გაცემული თანხაა კონკრეტულ ბენეფიციარებზე.
„თუ გაგვიმხელენ ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან ერთი ახლად გამოჩეკილი პოლიტიკოსი, ძალიან კარგი იქნება. მას [ნიკა გვარამია] არ უარუყვია, რომ დიდი თანხაა და არ უარუყვია, რომ დიდი გრანტი დაუმტკიცდა, მაგრამ გაჩნდა ახალი ტერმინი, გრანტი მიზნობრიობის გარეშე. გრანტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა გრანტს გააჩნია თავისი მიზნობრიობა და გარკვეული მიზნით გაცემული თანხაა კონკრეტულ ბენეფიციარებზე. გრანტი მიზნობრიობის გარეშე არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რაც თქვა კიდეც პირდაპირ ნიკა გვარამიამ, რომ გულზე გასკდით, ჩვენ მაინც მივიღებთ ასეთ გრანტებს და არც მიზნობრიობის კურსში არ ჩაგაყენებთო. ეს თქვა პრაქტიკულად მან. გულზე გასკდომას არავინ აპირებს. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ კატეგორიულად, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, დასავლეთის ქვეყნებიდან რაც შემოდის თანხა, იმის მიზნობრიობა და რაოდენობა მათ უნდა დაასახელონ. ისინი უკვე წელიწადზე მეტია გვატყუებენ, რომ ეს თანხები არის გამჭვირვალე, რომელიმე თქვენგანმა იცით რაში იხარჯება ის ათეულობით მილიონი დოლარი, რაც ამ ქვეყანაში შემოდის? პიარდება მხოლოდ პოზიტიური ნაწილი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.